top of page
menu-plant-final-menu.png

„გნოზისი, ანუ ანგელოზის გული"- გაცნობითი შეხვედრა იმმასთან

იმმა

29 მარტი 16:00 - 18:00

შეხვედრაზე, სახელწოდებით„გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“ - კავშირი სულიერ სამყაროსთან სიზმარხილვების საშუალებით, იმმა ქრონოლოგიურად მოგვიყვება საკუთარ თავსა და გამოცდილებაზე ბავშვობიდან აქამდე და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე:


  • პირველი გამოღვიძება - შინ დაბრუნების განცდა;


  • მეორე გამოღვიძება- შეხვედრა ქრისტესთან;


  • ინიციაცია - კავშირი მიქაელთან;


  • ფეხების პრობლემების გააქტიურება;


  • სიზმარხილვების გააქტიურება - რა არის სიზმარხილვები და ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა;


  • წიგნის წერის დაწყება;


  • გნოზისის ჯგუფის გახსნა;


  • სულიერი მოგზაურობა ჯგუფის წევრებთან ერთად;


  • საფეხურებრივი შეცნობა სულიერი საფეხურებისა და საკუთარი სულისა;


  • მოძრაობა დემონურიდან სულიერ განზომილებამდე;


  • 7 წლიანი მისტერიების სკოლა სიზმარხილვებით;


  • პარალელები ჰომეროსის ოდისეასთან;


  • სულიერი საფრთხეები;


  • რა ხდება მას შემდეგ, რაც მისტერიის სკოლას გაივლი და საზვერეებსაც გადალახავ? - უკან, მატერიალურ განზომილებაში დაბრუნება.


„ეს შეუძლებელია! - ვამბობ ხმამაღლა და უაღრესი აღშფოთებითა და სიბრაზით, ერთი ხელის მოქნევით ვამტვრევ სიზმრის “რეალობას”, რომელიც დამსხვრეული სარკის ათასფეროვან ნამსხვრევებად აქეთ-იქით იფანტება. წამიერად მიელვებს აზრი, რომ თურმე ასეც შეიძლება დაამსხვრიო სიზმრის სამყარო და აღშფოთებულს მეღვიძება. გვერდზე მიქაელის ყოფნას ვგრძნობ და გაკვირვებითა და წყენით ვეკითხები:


- ეს რა ხუმრობაა?!


- მაპატიე, მაგრამ ეს ის იშვიათი სცენარია, რომელშიც შენ გარკვევით აცნობიერებ სიზმრის “რეალობის” ილუზორულობას, მიუხედავად იმისა, რომ თვითიდენტიფიკაცია ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორიც მატერიალურ სამყაროში. მე მინდა, რომ ასევე გააცნობიერო ამ მატერიალური სამყაროს ილუზორულობაც და ასევე დაამსხვრიო! გაიხსენე შენი ჭეშმარიტი არსი!“

ეს ნაწყვეტი იმმას სიზმარხილვების წიგნიდან ყველაზე ცხადად ასახავს „სიზმრის იოგას“ (ტიბეტური: རྨི་ལམ་རྣལ་འབྱོར་, „მილამ ნალჯორ“) საბოლოო მიზანს - გააცნობიერო სამყაროს ილუზორულობა და შეიცნო საკუთარი ჭეშმარიტი არსი.

შეხვედრაზე იმმა მოგიყვებათ თავის მოგზაურობაზე სიზმარხილვების სამყაროში, რომელშიც სულიერი არსებები უწევდნენ წინამძღოლობას. 7 წლიანი შეხვედრები სიზმრებში და სულიერი არსებებისგან გადმოცემული ცოდნა მიქაელ მთავარანგელოზის წინამძღოლობით აისახა იმმას წიგნებში (ოთხტომეულში), რომლებიც შესაძლოა ოდესმე გზამკვლევად იქცეს სიზმრის იოგას მიმდევართათვის მიქაელის სიზმრისეული მისტერიის სკოლის გასავლელად.

მიუხედავად იმისა, რომ სიზმრისეული სამყარო ბუნდოვანი და სიმბოლურია, მეუფეების ინტერპრეტაციებით დანახულმა, საოცრად მწყობრი სახე მიიღო. შედეგად, გამოიკვეთა ერთიანი, სისტემური სურათი, რომელმაც ჰარმონიაში მოიყვანა და ნათელი მოჰფინა ბევრ შეუთანხმებელ სულიერ პარადოქსსა და ამოუცნობ მოვლენას. ოთხტომეულში განხილულია ისეთი თემები, როგორებიცაა: სამყაროს მოწყობა, ნათელი და ბნელი სულიერი იერარქიები, ადამიანის ცნობიერების განვითარების საფეხურები, განზომილებათა შორის მოგზაურობები, ღმერთის შეცნობის სხვადასხვა ფორმები და დონეები, დემონებისა და ანგელოზების დაცემისა და აღმავლობის ისტორიები, კაცობრიობის განვითარების გზები, იოანეს გამოცხადების ინტერპრეტაციები და სხვ.

ყველა ამ თემას წითელ ხაზად გასდევს ბრწყინვალე მასწავლებლის, მიქაელ მთავარანგელოზის თანაყოფნა. სწორედ ანგელოზის გული, რომელსაც უდიდესი და თავგანწირული სიყვარული შეუძლია, ქმნის არიადნას ძაფს მატერიის ლაბირინთებიდან თავდასაღწევად, რადგან ღვთაებრივ სინათლეში დაბრუნება არის სწორედ ჩვენი შინ დაბრუნება!


შეხვედრაზე დასწრების ღირებულებაა: 20 ლარი;

ღირებულება მოიაზრებს მხოლოდ ადმინისტრაციულ და შეხვედრის ორგანიზების ხარჯებს, მაგრამ თუ არ გაქვთ თანხის გადახდის შესაძლებლობა, შეხვედრაზე დასწრებას მაინც შეძლებთ, უბრალოდ მოგვწერეთ ამის შესახებ რეგისტრაციის დროს.

bottom of page